სამართალი
ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა, ვინც ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდოდა და მეტყოდა, დათმეთ შოტლანდია და დაუბრუნეთ ის შოტლანდიელებსო - მედლინ მუნი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია იყო ყოველთვის ნათელი, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს ვუჭერთ სურვილს, იყოს ერთიანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

თქვენ გქონდათ შეთავაზება. ეს არ არის შეთავაზება ნატო-სთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა ვერავინ, ვინც ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდოდა და მეტყოდა, დათმეთ შოტლანდია და დაუბრუნეთ ის შოტლანდიელებსო. ეს არაფრის მომცემია. ეს საქართველოს საკითხია, უფრო მნიშვნელოვანი საკითხია თქვენთვის, იმოძრაოთ წინ, შეგეძლოთ, უპასუხოთ ყველა სტანდარტს და ვალდებულებას, რაც წევრობისთვის არის საჭირო. თქვენ ამ გზაზე ხართ. ეს არ არის მარტივი გზა. ეს რთული გზაა, მაგრამ მიზნის გამო ღირს ამ გზის გავლა და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. საქართველო ყოველთვის არის ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ წარმატებას მიაღწიოთ. გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ არ არის ხარვეზები, აირჩიეთ ის, რაც თქვენთვის არის სწორი“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.