საზოგადოება
ირაკლი ალასანია: „ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელების პოლიტიკური ნება არ იგრძნობა“

alasania_ira„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საარჩევნო გარემოს საკითხებთან დაკავშირებით ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხვდება.

როგორც ალასანია აცხადებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა დამოკიდებულება და შეხედულებები ძალზე მნიშვნელოვანია.

„ორი კვირაა, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვხვდებით. შეხვედრები საარჩევნო გარემოსა და ამ საკითხისადმი ჩვენს დამოკიდებულებას ეძღვნება. მინდა, მათგან მოვისმინო კონკრეტული შენიშვნები, წინადადებები. ჩვენი ამოცანაა, მსგავსი მოლაპარაკებების პროცესში სამოქალაქო საზოგადოება რაც შეიძლება ფართოდ ჩაერთოს. დღეს აშკარაა, მოლაპარაკებების პროცესი  მიმდინარეობს და აუცილებელია, გაგრძელდეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამ მხრივ შესაბამისობა და პოლიტიკური ნება არ იგრძნობა“, – განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტები – სოსო ცისკარიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი და რამაზ საყვარელიძე – ესწრებიან.