პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ველოდებით ახალ სანქციებს - საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა რუსეთს კვლავ მტერი და ოკუპანტი ეწოდეს

 გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო, სადაც მან რუსეთს მტერი უწოდა, საქართველომ ჯერ კიდევ ვერ დაიანგარიშა მილიარდობით დოლარის ზარალი. ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის გაუფასურების შეჩერება, რუსი ტურისტების მკვეთრად შემცირებული ნაკადის და პირდაპირი ავიაგადაზიდვების შეწყვეტის შედეგად, ჯერაც ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ 600 ათასი ევროთი დაასუბსიდირა ავიაკომპანიები, რომლებიც რეისებს ახორციელებენ სომხეთის გავლით. ეს თანხა ასევე ამოღებულია ქართველი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან, რომელიც შეიძლებოდა მოხმარებოდა მედიცინასა და განათლებას, რომ არა საქართველოს ხელმძღვანელების ფარისევლური რუსოფობიური განცხადებები აშშ-ს ელჩის მოვალეობების შემსრულებლის - „ჰილარისტი“ ელიზაბეტ რუდის და სააკაშვილის პარტიების - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ სახით, ოპოზიციის საამებლად.

სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და დიპლომატიური უნარების კრიტიკული დეფიციტის პირობებში, თითქოსდა საღ აზრს უნდა ეზეიმა საქართველოს უმაღლეს ხელმძღვანელობაში, მაგრამ ასე არ მომხდარა!

გუშინ, 8 აგვისტოს, 08.08.2008 წლის ომის 11 წლისთავზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, პრემიერმა ბახტაძემ, შერიგებისა და თავდაცვის მინისტრებმა - ციხელაშვილმა და იზორიამ, ასევე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე სესიაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მდინარაძედა კიდევ რამდენიმე უპასუხისმგებლო კონფორმისტმა თავის განცხადებებსა და ინტერვიუებში რუსეთს კვლავ მტერი და ოკუპანტი უწოდეს!

საგულისხმოა, რომ ერთი დღით ადრე, 7 აგვისტოს, "ქართული" ოპოზიცია სააკაშვილის ზემოხსენებული პარტიების - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წინამძღოლობით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა, თუმცა არა იმიტომ, რომ მმართველ პარტიას არ შეჩეხებოდნენ. 2008 წლის აგვისტოში ისინი სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობისლიდერები იყვნენ, რომლებმაც ცხინვალზე იერიში 7 და არა 8 აგვისტოს მიიტანეს!

მაშ, ნუთუ შეუძლებელი იყო გაჩუმებაულიყვნენ და ჩვენი ბიჭების საფლავებზე არ გაემართათ იმ სპექტაკლის მეორე ნაწილი, რომელიც წინა დღეს მათმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა - სააკაშვილის „ნაციონალებმა“ მოაწყვეს?! ან, თუნდაც, ისეთი აწონილ-დაწონილი და მართალი განცხადება გაეკეთებინათ, როგორც წინა დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთეს? განა პუტინმა, რომელმაც პირველ ჯერზე შეიბრალა ქართველხალხი - ხელი არ მოაწერა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტს, რომელიც სახელმწიფო დუმამ გაუგზავნა, ამით არ გააფრთხილა - რა შედეგის გამოღება შეუძლია ასეთ განცხადებებს, თუ ისინი განმეორდება?! ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, ანუ საქართველოდან ექსპორტზე სრული უარი და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვა, რაც ჩვენს ქვეყანას უკან დააბრუნებს 90-იანი წლების სამოქალაქო ომების ბნელსა და ცივ პერიოდში.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია ველოდოთ და ვილოცოთ, რომ თბილისში ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეირო განცხადებები არ გაიგონონ მოსკოვში, როგორც ვერ გაიგონეს აშშ-ში, ევროპასა და მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, რომლებმაც დიდი ხანია დახურეს თავისთვის საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი, ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნის შემდეგ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2019 წლის 9 აგვისტო
საქართველო, თბილისი