სამართალი
პროკურორი: ნიკა მელიას ბრალად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება, რაც უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ნიკანორ მელიას ბრალი ედება იმაში, რომ მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაზე, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობდნენ. გულუაშვილმა იმ საფუძვლებზე ილაპარაკა, რომლებითაც პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას ასაბუთებს.

ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობით სასჯელის სახით უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით. მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. ბრალდებული, მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, ასევე სარგებლობს დიპლომატიური პასოპორტით და მისი გამოყენებით 2017-2018 წლებში ექვსჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მხედველობაში ვიღებთ რა ბრალდებულის საზღვარგარეთ ვიზიტებს, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობას და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების ფაქტს, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელია თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

გულუაშვილმა ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებსაც გაუსვა ხაზი. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაული ნიკა მელიამ იმ დროს ჩაიდინა, როდესაც მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოა გამოყენებული, რაც, გულუაშვილის თქმით, მოწმობს, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა.

გასათვალისწინებელია, რომ ნიკანორ მელიას ბრალი ედება, იმაში, რომ მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაზე, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, ნიკანორ მელიამ გამოკითხულ და გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა, შევიდეს მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენებები“, - განაცხადა გულუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მოწმეთა შორის მელიას მხარდამჭერებიც არიან.