პოლიტიკა
დროა, საქართველომ ჰუმანიტარული საკითხების კონსტრუქციული განხილვა დაიწყოს, სოხუმსა და ცხინვალზე უსაფუძვლო თავდასხმების ნაცვლად! – რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ვწუხვართ, რომ ქართული დიპლომატია და ფიქსირებული მხარდამჭერი ქვეყნების ჯგუფი წლიდან წლამდე დაატარებენ რეზოლუციის ტექსტს, ეს ზიანს აყენებს ჟენევის დისკუსიებს, – განაცხადა გაერო-ში რფ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გენადი კუზმინმა.

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები.

რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ჰუმანიტარული რიტორიკით შემკული უწოდა და მის მთავარ ამოცანად რეგიონში ვითარების ნორმალიზაციისთვის ხელის შეშლა დაასახელა.

გულუბრყვილობაა, ვიფიქროთ, რომ პროექტი მიძღვნილია ლტოლვილებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვაზე. მისი ამოცანაა, არ დაუშვას ვითარების ნორმალიზაცია რეგიონში და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება აფხაზეთს, „სამხრეთ ოსეთსადა საქართვლოს შორის. თანასწორუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, ზიანს აყენებს სხვის ნებას და აიძულებს დამორჩილებას. ასეთი მეთოდები არ მუშაობს თავისუფლებისმოყვარე კავკასიელ ხალხთან. ვწუხვართ, რომ ქართული დიპლომატია და ფიქსირებული მხარდამჭერი ქვეყნების ჯგუფი წლიდან წლამდე დაატარებენ ამ ტექსტს, იმ პრაქტიკული ნაბიჯებისთვის ზიანის მიყენებით, რომელიც რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისთვის არის საჭირო. აღნიშნული ინიციატივა სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის დისკუსიებს“, – აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.

რუსეთის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, თანამედროვე გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რეგიონში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის საუბრის აუცილებლობას.

საქართველომ დროა, გააკეთოს არჩევანი ჰუმანიტარული საკითხების კონსტრუქციული განხილვის სასარგებლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე, სოხუმსა და ცხინვალზე უსაფუძვლო და უაზრო თავდასხმების ნაცვლად“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.