უცხოეთი
ოჯახის ინფორმაციით, გიორგი სამუშიას საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცა და ამიტომ წავიდა უკრაინაში, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი სამუშიას ოჯახის ინფორმაციით, სამუშიას პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით საფრანგეთმა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და სწორედ ამიტომ გადაფრინდა უკრაინაში, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

„ბრალდებები რასაც მას ქართული მხარე ედავება, არის აბსურდული. ბოლოს საფრანგეთში იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. პოლიტიკური თავშესაფრის განცხადება რადგან არ დაუკმაყოფილეს, ამიტომ გადაფრინდა უკრაინაში, სადაც დეიდაშვილები დახვდნენ და შემდეგ უკრაინიდან აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას“, – აცხადებენ ნათესავები.

საქართველოს პირველი არხისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს.

გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ცნობით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

მოგვიანებით, გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სასამართლოს მიერ პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევის მიუხედავად, გიორგი სამუშიამ საქართველოდან გასვლა მოახერხა, რის გამოც მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

გიორგი სამუშია ბოლოს ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოჩნდა, სადაც იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოს პირველმა არხმა მის მიერ საქართველოს დატოვების დეტალების შესახებ სიუჟეტებიც მოამზადა.

1tv.ge