პოლიტიკა
„ნულოვანი ჯამის თამაშები“: ლავროვის ინტერვიუ ადასტურებს საქინფორმის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემულ რეკომენდაციებს

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ანალიტიკურ და მიმოხილვით პუბლიკაციებში საქინფორმმა არაერთხელ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ მეზობლებთან - შავიზღვისპირა სახელმწიფოებთან - რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან პარტნიორობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას მოუტანს. მაგალითად, 13 და 27 მაისის პუბლიკაციებში „მოგზაურობა ლარსიდან ყარსამდე“ და „კედლის ფსიქოლოგია, როგორც საქართველოს პოლიტიკური ჩიხი“, რომლებიც Sputnik-Georgia-მ, NEWS FRONT-მა და „ასავალ-დასავალმა“ გამოაქვეყნეს, საქინფორმის მთავარი რედაქტორი დაწვრილებით გადმოსცემს - რა სარგებელს უქადის ჩინური მეგაპროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მარშრუტზე განლაგებული უნიკალური გეოსტრატეგიული მდებარეობის მქონე საქართველოს რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივ პროექტებთან მიერთება, კერძოდ - ახალ სარკინიგზო პროექტთან „ბაქო-ახალქალაქი-ყარსი“. „საქართველოს შეუძლია, არა მარტო გადარჩეს, არამედ ძალიან მდიდარი სახელმწიფო გახდეს. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ, უფრო ახლოს იყოს მეზობლებთან და აღარ ჰქონდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მითების იმედი“. „საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას თვითიზოლაციის პოლიტიკაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დღეისათვის ჩიხური ტერიტორიული პრობლემებით დაკომპლექსებაზე. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის აღდგენის სურვილის არქონით საქართველოს ხელისუფლება ბლოკადისთვის რუსეთს კი არა, საქართველოს წირავს და არ სურს, ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანოს, სადაც ის სააკაშვილმა შეიყვანა“, - წერს, კერძოდ, არნო ხიდირბეგიშვილი.

გუშინ, 30 მაისს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბულგარულ გამოცემა „საერთაშორისო ცხოვრებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „შავიზღვისპირა რეგიონს შეუძლია გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო და ევრაზიის სივრცეში ლოგისტიკის საყრდენი პუნქტი“. „შავიზღვისპირეთი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფოს, რომლებიც ამავე დროს მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ერთმანეთთან გადაჯაჭვულები ისტორიულად და ეკონომიკურად. აქ ერთმანეთს კვეთს ძველი და იქმნება ახალი სავაჭრო გზები, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნები. რეგიონს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო, ევრაზიულ სივრცეში ლოგისტიკურ ჯაჭვში საყრდენი პუნქტი. ამგვარად, ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი სახეზეა, მთავარია მისი სწორად რეალიზება“, – განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ საჭიროა რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა.

ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური ქმედებებით, „ნულოვანი ჯამის თამაშებზე“, არარეგიონული მოთამაშეების მიერ სტერეოტიპებისა და შაბლონების თავს მოხვევაზე უარის თქმით“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი, შესაძლოა, ეკონომიკა გახდეს.