სამართალი
ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები სწორად დასრულდეს, მთავარია, ადგილზე პროვოკაციები თავიდან ავირიდოთ - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამართალდამცველების ამოცანაა, რომ ადგილზე რაიმე ტიპის პროვოკაცია არ მოხდეს და წესრიგი იყოს დაცული.

მთავარია, ამ საკითხს ჩვენ მშვიდად შევხედოთ. ყველა საკითხი მოლაპარაკების რეჟიმში გადავწყვიტოთ, რომელიც დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. აქ საქმე ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან გვაქვს. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი. სასურველია, ჩვენ ამ ოფიციალურ ფორმატს დაველოდოთ და სხვა ტიპის ზომებზე ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ყველანაირი რესურსი არის, რათა მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან სწორად დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეკითხვაზე, რა როლი აქვს პრეზიდენტს დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დემარკაციისა და დელიმიტაციის აუცილებლობაზე ილაპარაკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე წლების მანძილზე მიმდინარეობს მუშაობა.

სამწუხაროდ დღემდე ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა. ეს სირთულეა, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. ანუ საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას, რაც ჩვენთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. მათ შორის, დელიმიტაციისა და დემარკაციის კუთხითაც. არის სირთულეები. სირთულეები რომ არ იყოს, ამაზე დისკუსია 20 წლის განმავლობაში არ გაგრძელდებოდა. ამ ყველაფერს ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთადერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტის ორ მეგობარ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დაჯდომაა. ასე უნდა გადაწყდეს დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.