სამართალი
ჩვენ, მეგრელებმა, ვიცით სტუმარმასპინძლობა - ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში - გიორგი გახარია

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხმის მიცემის შემდეგ იმ რეგიონებში გაემგზავრა, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა. მინისტრმა სამეგრელოში, სენაკში მედიასთან საარჩევნო პროცესში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მე დღეს დილით ადრე მივეცი ხმა მთაწმინდის არჩევნებში, შემდგომ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება - მარნეულიდან დაწყებული, ზესტაფონი, ჭიათურა... ახლა ვარ აქ, გავაგრძელებ ზუგდიდისკენ. ზუგდიდში პირდაპირ იმიტომ არ ჩამოვედი, რომ აქეთა მხარესაც ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. ამიტომ აქ გავჩერდით ცოტა ხნით და ახლა წავალთ ზუგდიდში.

რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში, ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ საკუთარი ქალაქის მერი. ასევე, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში - ჩვენ, მეგრელებს, სტუმარმასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა, ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ, ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.