პუბლიკაციები
თბილისში „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მსვლელობა დაანონსდა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 2 მაისს, ფაშისტური გერმანიის დედაქალაქ ბერლინის აღების 74-ე წლისთავზე, მოძრაობა საქართველოს უკვდავი ჯარის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ საქართველოში პირველად, ჩატარდება მსვლელობა საქართველოს უკვდავი ჯარის ფორმატით. როგორც მსვლელობის ინიციატორმა, გულბაათ რცხილაძემ განაცხადა:

"საქართველოს უკვდავი ჯარი" (რუსული ვერსია: "Бессмертный полк") არის ანალოგი საერთაშორისო მოძრაობისა, თავისი ქართული სპეციფიკითა და სრული ავტონომიით. 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში მონაწილე ჩვენი წინაპრების, ასევე საბჭოთა კავშირის ქართველი გმირების პორტრეტებით, შევიკრიბებით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბის ასახვევთან, 9 მაისს, 10 საათზე. დავიძრებით ვაკის პარკისკენ, ჩავუვლით საელჩოებს, ფეხბურთის ფედერაციას, უცხო ენების ინსტიტუტს და ვაკის პარკის კოლონებიანი შესასვლელიდან კიბეებზე ჩავალთ პარკში, სადაც სხვა მოზეიმე საზოგადოებაც იქნება, მემარცხენე პატრიოტები და, რაც მთავარია, საკუთრივ ომის ცოცხალი ვეტერანები, რომლებიც ცოტანი დარჩნენ და რომელთაც ყოველთვის თბილი სიტყვები უნდა ვუთხრათ (სიტყვების გარდაც გაგვიკეთებია ზოგი რამ, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა). ჩვენს კოლონას უერთდებიან შიდა ქართლის პატრიოტი ადამიანები, თბილისელებთან ერთად. კარი ყველასათვის ღიაა.“

რცხილაძემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ წლებში არ ჰქონია ადგილი ქუჩაში მსვლელობას, მხოლოდ ვაკის პარკში სეირნობით ხდებოდა უკვდავი ჯარის იმიტაცია.

შეხვედრის ორგანიზატორებმა მადლობა გამოუცხადეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინაიდან წელს ჩატარდება დიდი სამამულო ომის განსვენებული ვეტერანების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი, ღია ცის ქვეშ. მომავალში კი განიხილება იდეა, ყოველი წლის 9 მაისს ასეთი ღვთისმსახურება ჩატარდეს საქართველოს ტაძრებში.

შეხვედრაზე გამოიკვეთა საზოგადოებრივი ძალების ერთიანობა. ასე მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი სოციალისტური მოძრაობის თავმჯდომარე თემურ ფიფიამ განაცხადა, რომ იგი თავის თანამოაზრეებთან ერთად ვაკის პარკის ტერიტორიაზე შემოუერთდება უკვდავი ჯარის კოლონას.

აქციის ორგანიზატორების გათვლით, თბილისში, 9 მაისს, საქართველოს უკვდავი ჯარის მსვლელობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

   


საქინფორმი