აქტუალური
“ეს არ არის საკითხი, რომელზეც ერთ საათში და ორ საათში უწყების აზრი იყოს გადამწყვეტი თქვენთვის” – გრიგოლ ლილუაშვილი პანკისის ხეობის მოვლენებზე

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტში მყოფმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში განვითარებულ დაპირისპირებაზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება არ არის საკითხი, სადაც გადამწყვეტია, ორი საათის შემდეგ გააკეთებს ის კომენტარს თუ ორი საათით ადრე.

ეს არ არის საკითხი, რომელზეც ერთ საათში და ორ საათში რაღაც უწყების აზრი იყოს გადამწყვეტი თქვენთვის, სხდომის შემდეგ გავაკეთებ განცხადებას. ანგარიშზე ვართ კონცეტრირებული, პანკისი ანგარიშის ნაწილში ვერ ხვდება, რადგან ანგარიში შეეხება 2018 წლის საქმიანობას, ასე რომ, ანგარიში მოსმენის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა კომენტარი, -განაცხადა ლილუაშვილმა.

ვითარება პანკისში 21 აპრილს უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ.

მოსალაპარაკებლად მათთან შს მინისტრი მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.