პოლიტიკა
უკრაინა საქართველოს დაასწრებს და რუსეთთან მოლაპარაკებას დაიწყებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე დაყრდნობით, რასაც საქინფორმი 2012 წლიდან სთავაზობს ქართულ ხელისუფლებას

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან საქინფორმი მიუთითებდა, რომ საქართველოში არ არსებობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომელთა მხარდაჭერით ხელისუფლება შეძლებდა სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, ერთიანი ქართულ-რუსული საინფორმაციო სივრცის შექმნას თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის მომზადების მიზნით. თუმცა, ახალმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საქინფორმის რეკომენდაციები და მედია ველი საქართველოში ძველებურად ყოფილი მმართველი პარტიის - სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთ არის (ტვ „რუსთავი-2“, ბეჭდვითი და ელექტრონული პრესა), პლუს მცირერიცხოვანი მასმედია, რომლებიც არაპროფესიულად ასრულებენ მმართველი „ქართული ოცნების“ ერთჯერად მაღალანაზღაურებად შეკვეთებს.

როგორც ცნობილია, დონბასში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიუხედავად, უკრაინას, საქართველოსაგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია. დღეს კი, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, როგორც ჩანს, უკრაინა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში საქართველოს დაასწრებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში სამმაგი უპირატესობით გამარჯვებულმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინსკის მოლაპარაკების პროცესის ინტენსიფიკაციას აპირებს. „ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ნორმანდიული ფორმატით ვიმოქმედებთ, განვაგრძობთ მინსკის პროცესს, გადავტვირთავთ მას, ვფიქრობ, მოვახდენთ საკადრო ცვლილებებს, ნებისმიერ შემთხვევაში, მინსკის მიმართულებას განვაგრძობთ“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენს მოქმედების გეგმას დონბასში ცეცხლის შესაწყვეტად. „ჩვენ ძალზე მძლავრ საინფორმაციო ომს წამოვიწყებთ იმისთვის, რომ დონბასში ცეცხლი შეწყდეს. სულ მალე გაგაცნობთ ჩვენი მოქმედების გეგმას, ყველაფერს ვაცნობებთ ჩვენს ჟურნალისტებს, ბლოგერებს. ჩვენ გვაქვს კრეატიული იდეები, მაგრამ თქვენი დახმარება გვჭირდება“, - უთხრა ზელენსკიმ კვირას ჟურნალისტებს ბრიფინგზე.