პოლიტიკა
„უკეთესია, ვიამაყოთ შედეგებით და არა – შეხვედრებით!“ – საქინფორმის კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირ „ნათლის მხედრის“ გენერალური მდივანი ჯულიანა დიუმა ლონდონიდან გვატყობინებს:

politika1არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო ბრიუსელში 2011 წლის 1 მარტს გამართულ შეხვედრას ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰაიდი ჰაუტალასთან (საქინფორმის მკითხველს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინათ უკვე მიეწოდა), რომელზეც მიწვეული გახლდით როგორც „ნათლის მხედრის“ ხელმძღვანელი და, მთარგმნელის არყოფნის გამო, მისი ფუნქციის შესრულებაც მომიხდა. ვითვალისწინებ რა მკითხველის დიდ ინტერესს, მინდა, რამდენიმე ნიუანსი დავაზუსტო, რომლებიც ამ შეხვედრის მნიშვნელობასა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, შედეგებზე მეტყველებს.

 უდავოა, რომ ადამიანის უფლებათა დამცველთათვის ეს შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჰაიდი ჰაუტალა ძალზე გავლენიანი პოლიტიკოსია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩემი დამოკიდებულება შეხვედრის მნიშვნელობის მიმართ შედარებით განსხვავებულია, რადგან მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო ფრთხილნი უნდა ვიყოთ ჩვენს მოლოდინში და უნდა შევეცადოთ, ფაქტების გადაჭარბებული ინტერპრეტაციისგან თავი შევიკავოთ (რა თქმა უნდა, თუკი გვინდა, რომ ჩვენი ბრძოლა ეფექტიანი იყოს). სიფრთხილე გვმართებს, როცა ვაცხადებთ: „სააკაშვილმა ევროპის მხარდაჭერა დაკარგა“, „ორმაგი სტანდარტების ხანა დასრულდა“ , „ჰაიდი ჰაუტალამ ქართველ უფლებადამცველებს მოკავშირეობა გამოუცხადა“.

მე კარგად მახსოვს ამ შეხვედრის დეტალები: ჩვენდა სამწუხაროდ, იქ არავის უთქვამს, რომ სააკაშვილს მხარს აღარ უჭერენ, თუმცა საკმაოდ ინფორმირებული არიან საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. ეს არ უთქვამთ იმიტომ, რომ, ასეც რომ იყოს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას არ აქვს მიცემული ამ განცხადების გაკეთების უფლებამოსილება, ის ხომ უზარმაზარი ინსტიტუტის ერთ-ერთი კომიტეტია!

ჩვენ პირადად ჰაიდი ჰაუტალას დაახლოებით 20 წუთს ვესაუბრეთ (მოგვიანებით შეხვედრა მის ერთ-ერთ მრჩეველსა და ადმინისტრატორთან გაგრძელდა). ამ ხნის განმავლობაში ის, ძირითადად, გვისმენდა, ხშირად საათზეც კი იყურებოდა, რადგან ძალიან ეჩქარებოდა და მხოლოდ რამდენიმე ლაკონური კომენტარი გააკეთა. მათ შორის, კომენტარები ბატონ შალვა ხაჭაპურიძის სარჩელზე, საქართველოში შესაძლებელი წარმომადგენლობის გაგზავნის თაობაზე, არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების სისტემის პრობლემასა და შესაძლებელი საკომიტეტო მოსმენის თაობაზე. თუმცა, უნდა ვაღიაროთ ის, რომ  საკომიტეტო მოსმენა საკმაოდ პროცედურულია თავისი ხასიათით და მისი მიღწევა მხოლოდ კომპლექსური წინაპირობების გადალახვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ვერც აქედან გამოვიტანთ იმ დასკვნას, რომ ქალბატონი ჰაუტალა ჩვენი მოკავშირეა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ მასთან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების შესვლის შემთხვევაში, ის მათაც ასევე მოუსმენს (მაშინ – რა, სააკაშვილის მოკავშირეები გამოდიან?!). და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ევროპის პარლამენტი ორგანიზციაა, რომელიც ხელმძღვანელობს ლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპით: „მე შეიძლება არ ვიზიარებდე თქვენს აზრს, მაგრამ სიკვდილამდე დავიცავ თქვენს უფლებას, რომ თქვენ ეს აზრი გამოთქვათ!“

შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ახალშექმნილი ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, რადგან მივხვდი, რომ ჩვენ მსგავს შეხვედრებზე უფრო მომზადებულნი უნდა მივიდეთ და რაც შეიძლება ხშირად. ამასთან, უფრო კონკრეტულნი ვიყოთ, თავად შევიდეთ იქ წინადადებებითა და მოთხოვნებით და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ, მსგავსი შეხვედრიდან ილუზიებით შეპყრობილნი გამოვიდეთ და ჩვენთვის სასურველი შედეგები როგორც რეალური – ისე მივიღოთ! ამით არც პირადი იმიჯის შექმნაა მართებული, რადგან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – ჩვენ უკან საქართველო და ქართველი ხალხია, რომელიც იმედით გვადევნებს თვალყურს და ამ იმედის გაცრუება ჩვენ არ გვეპატიება. საერთოდ, უკეთესია, ვიამაყოთ შედეგებით და არა – შეხვედრებით! 

 

მოკლე ბიოგრაფიული ცნობა: ჯულიანა ნადირაშვილი-დიუმა დაიბადა 1974 წლის 1 თებერვალს ქ. თბილისში, ჟურნალისტების ოჯახში, რომელიც რეპრესირებული იყო საქართველოს საბჭოთა სახელისუფლო ორგანოებში პასუხსაგებ თანამდებობებზე მომუშავე, ჯულიანას აწ გარდაცვლილი მამის – კონსტანტინე ნადირაშვილის გამო, რომელმაც 1975 წელს დატოვა საქართველო და თავშესაფარი მოითხოვა გერმანიაში (კონსტანტინე ნადირაშვილი შემდგომში მუშაობდა რადიო „თავისუფლების“ რუსული გადაცემის – „ადამიანები და მოვლენები“ – რედაქტორად).

1991 წელს ჩაირიცხა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ 14 წლის ასაკიდან ჯულიანა ეროვნულ მოძრაობაშია, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეა და 1992 წელს მიღებულ იქნა ჰელსინკის კავშირში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას პირადი რეკომენდაციით.

ზ. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ჯულიანა და მისი ოჯახის წევრები სისტემატურად აწვდიდნენ ინფორმაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოეთის მედიასა და მთავრობებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების, მიტინგებისა და მანიფესტაციების სისხლიანი დარბევების, საპყრობილეებში პოლიტპატიმართა მდგომარეობის შესახებ.

ყოველივე ამის გამო ჯულიანა და მისი ოჯახი განიცდიდნენ სასტიკ დევნა–შევიწროებას, რის გამოც 1993 წლის დეკემბერში იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ საქართველო და მოეთხოვათ პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში.

1998 წლამდე მუშობდა სხვადასხვა იურიდიული და კომერციული კომპანიებისთვის მთარგმნელად ლონდონში.

2001 წლიდან არის ბრიტანეთის მოქალაქე.

2002 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტის ბერბეკ კოლეჯის პოლიტიკისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა ლონდონის ჟურნალისტიკის სკოლა (მაგისტრატურა).

არის ბრიტანეთის ჟურნალისტთა კავშირისა და საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი.

2007-2009 წლებში მუშაობდა ლონდონის გამომცემლობა Eaglemoss Publications-ში.

2010 წლიდან არის საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირ „ნათლის მხედრის“ გენერალური მდივანი და საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში.

ჰყავს მეუღლე – არნო დიუმა, და ერთი შვილი – ალიზე დიუმა.

საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედარი“ეიქმნა 2010 წლის 20 დეკემბერს ქალაქ ლონდონში. კავშირის დამაარსებლებმა მსოფლიოს ქართველ პატრიოტთა და საქართველოს გულშემატკივართა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლის საკმაოდ კომპლექსური ვალდებულებები აიღეს საკუთარ თავზე – ბრძოლისა ყველა იმ ასპექტის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და მომავალში ქართველი ერის განადგურებას ისახავს მიზნად.

ბევრს „ნათლის მხედარი“ დროებითი ორგანიზაცია ჰგონია, რადგან მიაჩნიათ, რომ როცა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება შეიცვლება, „ნათლის მხედარიც“ შეწყვეტს არსებობას. არადა, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, „ნათლის მხედრის“ მოქმედება კიდევ უფრო გააქტიურდება, რაკი სისტემამ, რომელიც ამ ბოლო 10–წლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა, შეძლო, საკმაო ზიანი მიეყენებინა როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ისე, რაც ყველაზე მეტად აღელვებთ კავშირის ხელმძღვანელებს, ქართველი ერის მენტალიტეტისთვის. აქედან გამომდინარე, თუ არ მოხდა სისტემური ცვლილება და ამ მენტალიტეტის გამოკეთებისკენ არ გადაიდგა აუცილებელი ნაბიჯები, მაშინ პროცესი, რომელიც 91-92 წლების მოვლენების შემდეგ დაიწყო, შეუჩერებელი და უკონტროლო გახდება.

„ნათლის მხედრის“ ფუნქციები, მისი შექმნის იდეიდან გამომდინარე, მრავალმხრივია. მათ შორის – საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული უკანონო ქმედებების გამოაშკარავება–მხილება და მათი მაქსიმალურად აღმოფხვრისთვის ბრძოლა ევროსტრუქტურებთან, დასავლეთის მედიასთან, ადამიანის უფლებათა და მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებთან ახლო თანამშრომლობით.