აქტუალური
ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც შეიძლება, ბელგიაში ცხოვრობს, რუსეთში ცხოვრობს! - სააკაშვილმა კვლავ განაცხადა საქართველოში პირდაპირი ელექტრონული მმართველობის სისტემის შემოღების და პარლამენტის ლიკვიდაციის აუცილებლობის შესახებ

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პირდაპირი ელექტრონული მმართველობის სისტემა უნდა შემოვიდეს. როგორც მან გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, ხალხი ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ელექტრონულად უნდა ჩაერთოს.

"ძალიან მარტივია, ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც შეიძლება, ბელგიაში ცხოვრობს, რუსეთში ცხოვრობს... მუდმივი [რეფერენდუმი] ყველა საკითხის", — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ახალი სისტემით ელექტრონულად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. გარდა ამისა, ისინი აირჩევენ გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტს. ექსპრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტი თავის ფუნქციას, ფაქტობრივად, დაკარგავს, და მხოლოდ რთულ კანონებზე იმუშავებს, როგორიცაა ბიუჯეტი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მართვის ელექტრონულ სისტემაზე ლაპარაკობს. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ვიდეომიმართვის დროს მან განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდაპარტიული გადაწყვეტილებებისთვის და აქტივისტების ჩართვისთვის სპეციალური აპლიკაცია უნდა შექმნას.