აქტუალური
ნატოელ პარტნიორებთან შევათანხმეთ 4-5 კონკრეტული ელემენტი, რომლებიც შავის ზღვის უსაფრთხოებას განამტკიცებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ნატოელ პარტნიორებთან შევათანხმეთ 4-5 კონკრეტული ელემენტი, რომლებიც შავის ზღვის უსაფრთხოებას განამტკიცებს, – ეს განცხადება ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეს ელემენტები პრაქტიკულად განხორციელდეს.

საქართველო აძლიერებს თავდაცვით საშუალებებს. ქვეყანა უკვე აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს და ჩვენი სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%- აჭარბებს. ასევე, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში ჩვენ მჭიდროდ ვართ ჩართული სტრატეგიულ დიალოგში ნატოსთან. გვჯერა, რომ ხვალინდელ დისკუსიაზე, მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნება. ბრიუსელის სამიტზე ნატოს პარტნიორებთან შევათანხმეთ 4-5 კონკრეტული ელემენტი, რომელიც შავის ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ახლა ვმუშაობთ, რომ ეს პრაქტიკულად განვახორციელოთ და რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ილაპარაკა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე და ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ის, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, იყო იმის რეპეტიცია, რაც 2014 წელს რუსეთმა უკრაინაში გააკეთა. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაცია მოხდინა, რაც ახლაც გრძელდება. რუსეთი აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას შავ ზღვაში, აფხაზეთის რეგიონში. ამას საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციით პასუხობს, რაც არის მთავარი პრიორიტეტი და ეს ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში, პარლამენტის სხვადასხვა რეზოლუციაში. საქართველოს მთავრობას მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებული აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველო არის ნატოს ასპირანტ სახელმწიფოებს შორის. დღეს საქართველო ისეთი აღარ არის, როგორიც ათი წლის წინ იყო. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ის აშენებს აქტიურ დემოკრატიულ საზოგადოებას, თავისუფალ ეკონომიკას, საქართველოში არის თავისუფალი მედია. ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით ყურადღება გაამახვილა ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ქართველი სამხედროების როლზე.

მინდა, მკაფიო გზავნილი გავაკეთო, რომ ქართველი ხალხის მისწრაფება დადასტურებულია სამი მთავარი კომპონენტით: პირველი და უმთავრესი არის ის, რომ საქართველო ნატოს ძლიერი პარტნიორია ოპერაციებში. ჩვენს ქვეყანას შეაქვს წვლილი ავღანეთის ოპერაციაში – „მტკიცე მხარდაჭერა“. მეტიც, საქართველო არის ამ მისიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი. 800-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მსახურობს ავღანეთში, ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ. 33 ქართველი დაიღუპა ავღანეთში. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ. რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის პირობებში მთავარი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც ერთიან და მშვიდობიან ევროპას გულისხმობს, ჯერ შესრულებული არ არის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.