აქტუალური
ჩეხეთი ევროკავშირისა და შენგენის ზონის რიგით მე-12 ქვეყანაა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. კიდევ ერთმა მეგობარმა ქვეყანამ, ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეს გახლავთ ევროკავშირისა და შენგენის რიგით მე-12 ქვეყანა, რომელმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, უსაფრთხო ქვეყნების კონცეპტი ნიშნავს, რომ მიიჩნევა, რომ ქვეყანა, რომელსაც შეიყვანენ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, აკმაყოფილებს დემოკრატიის ძირითად სტანდარტებს და ამ ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლება და თავისუფლებები.

ჩეხეთმა, რიგით მე-12 ქვეყანამ აღიარა საქართველო და შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. გარდა ამისა, ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნები, რომლებსაც არ გააჩნიათ უსაფრთხო ქვეყნების სიის პრაქტიკა, ისინი ხელმძღვანელობენ ანალოგიით ანუ იგივე კონცეპტით, ასეთია ნორვეგია და ფინეთი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საბერძნეთსა და ლიტვაში მიმდინარეობს აღნიშნულ სიაზე მუშაობა“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა ძალიან მნიშვნელოვანია და დადასტურებაა, რომ პარტნიორი ქვეყნები საქართველოს საიმედო ქვეყნას მიიჩნევენ, სადაც დაცულია ადამიანის უფლება და თავისუფლებები.

ბოლო პერიოდში ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო უსაფუძვლო მიმართვიანობა, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი და ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობდნენ, არამართლზომიერად მიეღოთ პოლიტიკური თავშესაფრის უფლება. ქვეყნების უმეტესობა ამას არ ახდენდა, არ ახორციელებდა ან ძალიან მცირე იყო განაცხადების დაკმაყოფილება, ეს ქვეყნები უკვე გვაღიარებდნენ უსაფრთხო ქვეყანად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.