საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ საქართველოს დასავლეთელ პარტნიორებს, და არა მინსკისა და ჟენევის ფორმატებს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. მინსკისა და ჟენევის ფორმატი მეტ-ნაკლებად გადასულია ტექნიკურ საკითხებზე და არ არის იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანოს სიტუაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხს შეეხო, რომლებიც რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაშია გადაცემული, რაც კანონის შესაბამისად ასევე ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა.

ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში.

ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას, ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.

ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა.

თქვენ ახსენეთ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებით არსებობს ჟენევის ფორმატი, რომლებიც, სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება, რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ და სომხეთმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მიაღწიონ.

თუ არა, მაშინ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ: ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მხოლოდ სიტყვიერი განაცხადებია.

საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები. ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება.

ასე რომ, ამ კუთხით, ვფიქრობ, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის არაფრის ახსნა არ გვჭირდება, რომ ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკა, რომ მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად. ასევე, ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ არის, მაგრამ რომლის გადმოტანა შეიძლება, იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრაზე.