სამართალი
რატომ ვერ შეამჩნია ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ უკანონო ტრანზაქცია? - გიორგი ქადაგიძე სასამართლოში განმარტებებს იძლევა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. 2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან სამი კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, დაკითხვისას კითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებს და 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს.

კითხვები ორ საკითხს ეხებოდა. პირველიეს იყო, რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხვედველობის სააგენტოს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და დებულებებით. მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ, მახსოვს მე თუ არა ეს აქტი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი სხვა საუბარი ტრანზაქციაზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, გასაგები მიზეზების გამო. 2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან სამი კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა. ამაყი ვარ იმითი, რომ ამ პერიოდში ძალიან მაღალი პროფესიული გუნდის ხელმძღვანელობა მომიწია, რომელმაც ფინანსური კრიზისის, ომის და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ემბარგოს მიუხედავად, შეძლო შეენარჩუნებინა ფინანსური სტაბილურობა იმდაგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ დაკარგულა მეანაბრეების თანხიდან, ეს არის საზედამხედველო სამსახურის მთავარი ამოცანა.

მადლობა მინდა ვუთხრა ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის თითოეულ თანამშრომელს, ვისი ძალიან დიდი შრომის შედეგად მოხერხდა ის, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა გადაურჩა ყველანაირ პრობლემას“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის.

რა ტრანზაქციაზეა საუბარი, როგორ არის საუბარი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდება ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, ასევე იმ ძალიან ხმაურიან განცხადებებზე პასუხები, რომლებ საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტზე მოვისმინეთ. ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%-იანი საჯაროობისა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ კითხვას გააჩენს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა. სასამართლო წესით მე, ცხადია, მზად ვარ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის. ეს, ვფიქრობ, რომ ყველას ინტერესშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება, დამიბარებენ თუ არა კიდევ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ცხადია, მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება 2008-2009 წლის მოვლენებს და როგორ მოხდა რეაგირება ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა იმ დროს.

ეს გამოცდილება ნამდვილად არის გასაზიარებელი და ეს გამოცდილება აღნიშნულია უამრავ საერთაშორისო დასკვნაში. ცხადია, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში, ყველა საკითხზე სრულად ვარ პასუხისმგებელი. არცერთი კითხვა არ დასმულა ტრანზაქციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.