პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია, პასუხი აგოს ნატოს ხელმძღვანელობის ქმედებებზე, თუკი ბრიუსელში გადაწყვეტენ, საქართველოს ტერიტორიიდან დაარტყან რუსეთს

     საქინფორმის მთავარი რედაქტორი კომენტარს უკეთებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში. „მმართველ პარტიაში და მთავრობაში დაიწყო ცვლილებები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ველოდით, რომლებიც მასშტაბურ, შეუქცევად ხასიათს მიიღებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაგვირგვინდება. პატრიარქმა ილიამ შემთხვევით როდი აჩუქა ირაკლის თეთრი რაში, პოლიტიკური მდივნის თანამდებობა კი მხოლოდ გარდამავალი, დროებითია“, - მიაჩნია არნო ხიდირბეგიშვილს.

- ეს არ იყო მაინცდამაინც მოულოდნელი - ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელსაც პრემიერობის დროს დიდი შეცდომები არ დაუშვია, ხოლო იძულებითი გადადგომის შემდეგ დღემდე ერთი საყვედურიც არ წამოცდენია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, დროებითი „შვებულების“ მიუხედავად კი შთამბეჭდავი ელექტორატი შეინარჩუნა, ივანიშვილის „ოქროს რეზერვად“ რჩებოდა. ჰოდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ის „ბრძოლაში“ მაშინ შემოიყვანა, როცა პარტიამ ცნობილი მიზეზების გამო დაშლა დაიწყო.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებს ირაკლი ღარიბაშვილს მისი დამრიგებელი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ამავე დროს, მისი ნათესავიცაა - ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ირაკლის მესამე ვაჟის ნათლიაა. როგორც ცნობილია, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორი წელი იყო, მაგრამ აშშ-მა ის „შეაჩერა“ - „საკუთარი ნებით“ გადადგომის პროვოცირება მოახდინა მას შემდეგ, რაც ირაკლიმ განაცხადა, რომ ქორწინება მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირი შეიძლება იყოს, რომ ბოროტმოქმედებთან - სააკაშვილის თანაპარტიელებთან კოჰაბიტაცია შეუძლებელია, და რომ არ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო მიწების განურჩევლად მიყიდვა უცხოელებისთვის.

- რა არის ეს ცნობილი მიზეზები, რომელთა გამო ხელისუფლების პარტია, როგორც ამტკიცებთ, კინაღამ დაიშალა? თუ შეიძლება, ყველაზე მთავარი ჩამოთვალეთ.

- პირველ რიგში, საკადრო, ეს ღარიბაშვილმაც აღიარა თავის პირველ ტელეინტერვიუში მას შემდეგ, რაც „დიდ თამაშში“ დაბრუნდა. დაუმსახურებლად იქნენ დავიწყებული პროფესიონალები, რომლებსაც დიდი დამსახურება აქვთ მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს წინაშე, „ქართული ოცნებისაკენ“ გზა გადაუკეტეს ნიჭიერ ახალგაზრდობას, თანამდებობებზე დანიშვნა ნაცნობობით და პროტექციით ხდებოდა. ნეპოტიზმმა გაქსუებული მმართველი ელიტის ამაზრზენ აპლომბამდე მიგვიყვანა, ივანიშვილის დროს ერთიანი მმართველი გუნდი მინი გუნდებად დაიქსაქსა პარტიული ბოსების მიმართ პირადი ერთგულების ნიშნით, რასაც შედეგად მოჰყვა ელექტორატისაგან მოწყვეტა და ხელისუფლების რეიტინგის დაცემა.

მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება საეტაპო იქნება - ამით დასრულდება წარუმატებელი საკადრო ექსპერიმენტების მთელი რიგი, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნით დაიწყო, გაგრძელდა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნით და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულით თავმჯდომარე ირაკლი კობახიძით სათავეში. აღარაფერს ვამბობ წარუმატებელ მინისტრებზე, მაგალითად, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებზე, აგრეთვე ზოგიერთ ქალაქის მერზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე. პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი - იმავე დროს მმართველი პარტიის ლიდერებად - თავმჯდომარედ, აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებად დაინიშნენ, რის შედეგად „ქართული ოცნება“ გაუგებარ მოუქნელ დანამატად გარდაიქმნა. დაშლილი პარტიული ვერტიკალი აღდგენილი იქნა მხოლოდ ივანიშვილის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ.

ამავე დროს არ ჩატარებულა მუშაობა ძველი კადრების უმტკივნეულოდ ჩანაცვლებისთვის - ე. წ. ცნობილი სახეების, რომლებიც ივანიშვილმა ბალასტად მოიზიდა, რათა რაც შეიძლება მძიმე დარტყმა მიეყენებინა სააკაშვილისთვის 2012 წელს. „ქართული ოცნების“ სათავეებთან სიმბოლურად მდგარ მოღვაწეებს, რომლებმაც თავიანთი იმთავითვე მოკრძალებული პოლიტიკური პოტენციალი ამოწურეს, საპატიო პენსიის ნაცვლად, პარლამენტსა და ხელისუფლების სხვა სტრუქტურებში სავარძლები შეუნარჩუნეს.

არანაკლებ დიდი შეცდომა იყო სააკაშვილის კადრებთან თანამშრომლობა - მათი დატოვება ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის სასამართლოებში და ძალოვან სტრუქტურებში, კარიერულ კიბეზე წინ წაწევა და საპარლამენტო უმრავლესობაში „პორტირებაც“ კი. აი, რა მიიღო ქართველმა საზოგადოებამ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შემდეგ მოსალოდნელი სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად!

ამას დაემატა წინასაარჩევნო მთავარი დაპირებების შეუსრულებლობა, რაც საბოტაჟის, გულგრილობის ან, უბრალოდ, ზემოთ ჩამოთვლილი კადრების დილეტანტობის ბრალი იყო. დაპირებული შემსუბუქების ნაცვლად აქციზების, ფასებისა და გადასახადების მკვეთრი ზრდა, ინფლაცია, ტოტალური უმუშევრობის და სიღატაკის პირობებში მთელი რიგი ახალი ჯარიმების, აკრძალვებისა და იძულებითი გადასახადების შემოღება, და ამ ფონზე - სააკაშვილის PR-სტილში ძვირად ღირებული გაუმართლებელი პროექტები, განსაკუთრებით - დედაქალაქში. აი, მთავარი მიზეზები, რომელთა გამო ასიათასობით განრისხებულმა ამომრჩეველმა, ვინც დასანახავად ვერ იტანდა ჯალათ და დიქტატორ სააკაშვილს, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მიშას კანდიდატს - არაადეკვატურ გრიგორი ვაშაძეს მისცა!

- მაშასადამე, მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა მცდარი საკადრო პოლიტიკის გამო... სხვათა შორის, ტვ „პირველზე“ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი ამავე მიზეზებს მიუთითებს და მესამე მიზეზსაც უმატებს - ტერიტორიული მთლიანობის გადაუწყვეტელ საკითხს.

- აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხი ვერ გადაწყდება რუსეთის გარეშე, რომელთან მოლაპარაკების ძნელი პროცესის დაწყების არავითარი რესურსი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია. იზოლაციის და ტრაფარეტული ულტიმატუმების პოლიტიკა - „ჯერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება უარყონ, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო ბაზები და საქართველოს თავისი ტერიტორიები დაუბრუნონ, მხოლოდ ამის შემდეგ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას! საქართველო ნატოში რუსეთის წინააღმდეგ არ შედის!“ - თბილისიდან ლოზუნგების სახითაც მოძველდა, ხოლო მოსკოვში, პუტინის პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან ის მითუმეტეს უადგილოა. ამავე დროს, ეს პრიმიტიული და არაეფექტიანი პოლიტიკა მეტად კომფორტულია საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობისათვის - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ყველა დანარჩენისათვის, ვინც პასუხს აგებს საგარეო პოლიტიკაზე! სოხუმში და ცხინვალში დასაბრუნებლად არაფერი კრეატიულის კეთება ხომ არც არის საჭირო - ასტრონომიული ხელფასი ისედაც ირიცხება, და რამე რომ იყოს, ყოველთვის შეუძლიათ, ზემოთ მითითებული „პატრიოტული“ მოტივებით და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისადმი - „ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისადმი“ ერთგულებით იმართლონ თავი! და ამ დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილების თაობა იზრდება, რომლებმაც აფხაზებზე და ოსებზე მხოლოდ მშობლების მონაყოლით იციან...

რაც შეეხება საქართველოს, რომელიც, თურმე, „ნატოში რუსეთის წინააღმდეგ არ შედის“: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შემსვლელი ნებისმიერი ქვეყანა ბრიუსელს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა მნიშვნელოვან წილს გადასცემს ნატოს წესდების მე-5 მუხლის (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ) თანახმად. შეკითხვა: როგორ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, პასუხი აგოს ნატოს ხელმძღვანელობის ქმედებებზე, თუკი ბრიუსელში გადაწყვეტენ, საქართველოს ტერიტორიიდან, მისი ტერიტორიული წყლებიდან დაარტყან რუსეთს?! აუკრძალავს?! მაშ რატომ უნდა აიღოს თავის თავზე ასეთი გარანტიები და განაცხადოს - „საქართველო ნატოში რუსეთის წინააღმდეგ არ შედისო“?! ბოლოს და ბოლოს, შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც ლიდერის როლი მინიჭებული აქვს საქართველოს თავისი საზღვაო პორტებით (ბათუმი, ფოთი და პერსპექტივაში - ანაკლია), შემუშავებულია სწორედ რუსეთის წინააღმდეგ, შავ ზღვაზე მისი შეკავების მიზნით, რასაც არც ვაშინგტონში მალავენ და არც ბრიუსელში! „ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია!“ - ღიად დაადასტურა გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. ხალხი ხომ ტელევიზორით და კომპიუტერში სამთავრობო ბრიფინგების გარდა სხვა რამეებსაც ნახულობს - მაშ, რა აზრი აქვს შიდა სარგებლობისათვის დეზინფორმაციის შეთითხნას?! ეს ხომ უარყოფითად მოქმედებს, პირველ რიგში, მაღალი რანგის მოეშმაკე პოლიტიკოსების ისედაც დაბალ ავტორიტეტზე! განა შეიძლება, გაუთავებლად ეწეოდე იაფფასიან პროვინციულ პროპაგანდას, რომლისაც საქართველოში უკვე დიდი ხანია, აღარავის სჯერა?!

- მოახდენს თუ არა გავლენას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება? როცა პრემიერი იყო, თქვენ ერთხელ უსაყვედურეთ, რომ რომელიღაც მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში (აღარ მახსოვს, რომელი) გამართული სადილის დროს მაგიდასთან პუტინის გვერდით იჯდა - ერთი ცარიელი სკამის გამოტოვებით, მაგრამ მისკენ არც გაუხედავს და რუსეთის პრეზიდენტისთვის თუნდაც ზრდილობის გულისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს...

- გაცნობის ამგვარი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არასწორი იყო, მითუმეტეს, როდესაც რუსეთისგან ამდენი რამ გჭირდება. არა, რუსეთთან ურთიერთობაში ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება, თუკი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არ განიხილავს ჩემი წინადადებების პაკეტს, რომელთაგან ზოგიერთი წინა ინტერვიუში გავახმოვანე (მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეიქმნას კომპეტენტური მრჩევლების საკონტაქტო ჯგუფი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მთელი სპექტრის თემატური მიმართულებების მიხედვით - რედ.). მაგრამ თუ ღარიბაშვილი - ღრმად წესიერი ადამიანი, შესანიშნავი მეოჯახე, ტრადიციული ქართველი და თავისი სამშობლოს პატრიოტი - შეძლებს მის მიერ გახმოვანებული ამოცანის განხორციელებას - გაწმენდს პოლიტიკურ ველს საქართველოში, გააერთიანებს და განაახლებს მმართველ პარტიას - არსებობს მცირე იმედი, რომ „ქართული ოცნება“, ბოლოს და ბოლოს, გარისკავს და ყურს მიუგდებს რჩევებს, მიიღებს დახმარებას პროფესიონალი კეთილისმსურველებისაგან, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სფეროში სერიოზული პოტენციალი გააჩნიათ. არ შეიძლება, მუდმივად ორივე ყურით მხოლოდ აშშ-ის საელჩოს უსმენდე, ხანდახან ცალი ყურით საკუთარ ხალხსაც უნდა მოუსმინო! იმედი მაქვს, „ზემოთ“ დღევანდელი გაკვეთილი, მართალია, დიდი დაგვიანებით, მაგრამ გაითვალისწინეს და ახლა მაინც შეასრულებენ საზოგადოების დაკვეთას. საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ უვიზო მიმოსვლას რუსეთთან, სადაც მილიონი მათი თანამემამულე - ნათესავი და მეგობარი ცხოვრობს, ქართველი ბიზნესმენები მოითხოვენ რუსეთის ბაზარზე მათი ბიზნესის დაცვის გარანტიას, ჰუმანიტარული კავშირები მუდმივად ლობირებას და ხელშეწყობის რეჟიმს საჭიროებს - აი, დაკვეთა, რომელიც ქართველმა ხალხმა მისცა თავის არჩეულ ხელისუფლებას! ხოლო როგორ უნდა განხორციელდეს ყოველივე, ამაზე ხელისუფლებმა იფიქრონ, ამისთვის არიან ისინი პოლიტიკოსები! მაგრამ ცოტა უნდა დაუჩქარონ - დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს...

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2019 წლის 11 მარტი
საქართველო, თბილისი