პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტში იმ პირს შევხვდი, რომელიც კონფლიქტის მოგვარების საკითხებს კურატორობს - ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტი აშშ-ში

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ვაშინგტონში ვიზიტის მეორე დღეს ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დენის ნატალის შეხვდა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დეტალურად გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივით დაინტერესდა და მისი განხორციელებისათვის მხარდაჭერა გამოხატა.

მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში სწორედ იმ პირს შევხვდი, რომელიც კონფლიქტის მოგვარების, პრევენციისა და სტაბილიზაციის საკითხებს კურირებს და ჩვენი უშუალო პარტნიორია. ვრცლად ვისაუბრეთ სამშვიდობო გეგმის განხორციელების მიმდინარე ეტაპსა და სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რათა რუსული ოკუპაციის გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიები იყო მთავარი სასაუბრო თემა მოგვიანებით კონგრესმენ გვენ მურთან შეხვედრის დროსაც. ამერიკის კონგრესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრმა როგორც გვენ მურს, ასევე საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს მიაწოდა.

დღის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებზე საუბარი უკვე სხვადასხვა გავლენიანი ორგანიზაციის ექსპერტებთან განაგრძო. პოლიტიკასა და კონფლიქტებზე მომუშავე ამერიკელი ექსპერტები განსაკუთრებით სამშვიდობო ინიციატივით ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ დაინტერესდნენ.

ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ყველგანსახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ორივე პარტიის მხრიდან, ცალსახა და ურყევი მხარდაჭერაა. საქართველო ის საკითხია, რაზეც არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უზენაესი პრინციპია, რაც აშშ-ის პოლიტიკასა და ჩართულობას განსაზღვრავს.

დღეს ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებზე, რითაც შეიძლება ამერიკამ მხარი დაუჭიროს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და იმ ძალიან პრაგმატულ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმასაც ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ვცდილობთ. იგი სულ მალე გახდება ფუნქციონირებადი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.