აქტუალური
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში მარტის ბოლოს არის დაგეგმილი

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ მარტის ბოლოს ველოდებით ნატოს გენერალურ მდივანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც ნატოს სამეკავშირეო ოფისის მონაწილეობით დახურული სემინარი მიმდინარეობს.

როგორც მახარობლიშვილმა აღნიშნა იენს სტოლტენბერგის ვიზიტის გარდა, საქართველო ნატოს სამხედრო ექპერტებსაც უმასპინძლებს.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, 2019 წელი, ისევე როგორც 2018 წელი, იქნება ძალიან დატვირთული და დინამიკური ნატოს მიმართულებით.

ღონისძიებების დაწყებამდე მინისტრის მოადგილემ სემინარის გამართვის მნიშვნელობაზე და წლიური ეროვნული პროგრამის შედგენაზე ილაპარაკა.

მახარობლიშვილის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი დგინდება.

ასევე დაზუსტდება, თუ რომელ სამხედრო ბაზაზე გაიმართება წვრთნები.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან აქტიურად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს და მექანიზმს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატოში გაწევრიანების მიმართულებით.

ჩვენ ნატოელ კოლეგებს ვმასპინძლობთ და ექსპერტების დონეზე დისკუსია იქნება, ამ სამოქმედო პროგრამის მთელი რიგი მიმართულებებით. მათ შორისაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, უსაფრთხოების თემა, რეგიონული თანამშრომლობა და სხვა საკითხები. ყველა ამ მიმართულებაზე ინტენსიური დისკუსია იქნება. ერთობლივად მოხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება. ჩვენ მარტის ბოლოს ველოდებით ნატოს გენერალურ მდივანს. ასევე, იქნება სამხედრო კონტინგენტის ვიზიტი. ჩავატარებთ ძალიან მნიშვნელოვან ნატო-საქართველოს წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სამხედროები. ასევე, იმედი გვაქვს, წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური საბჭოც. იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მათ შორის, სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც ყოველწლიურია და წელს კომუნიკაციების, პროპაგანდის საკითხებზე იქნება. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო წელი გვაქვს”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.