პოლიტიკა
საქართველოს არ აქვს და ვერ ექნება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ვიდრე ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ზურაბ აბაშიძე ჩემი სპეციალური წარმომადგენელია და მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ძალიან მარტივია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრას შეეხებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნას ძირითადად ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება ჰქონდა.

უკვე რამდენიმე წელია, ეს ფორმატი არსებობს და ყველას გვახსოვს, ფორმატი რატომაც შეიქმნა. ამ ფორმატს ძირითადად ჰქონდა ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, ვიდრე ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.