პოლიტიკა
რუსეთთან უნდა იყოს მიტანილი გზავნილი, რომ არსებული რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება და ამაში საქართველოს პარტნიორები უნდა დაეხმარონ - ზურაბიშვილი

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მხრიდან გრძელდება შარშან დაწყებული პოლიტიკა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობების გაძლიერებას გულისხმობს, მაგრამ ამ კონფლიქტისა და რეალობის დიდი ხნით გაგრძელება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით გერმანელი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთთან მიტანილი უნდა იყოს გზავნილი, რომ არსებული რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება.

ეს კონფლიქტი და მისი გაგრძელება მიუღებელია, ამ რეალობის გაგრძელება ძალიან მძიმეა საქართველოსთვის. ამიტომ ვახსენეთ საუბრის დროს საქართველოს მოწოდება პარტნიორებისთვის და ეს ეხება გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირს, ამერიკას, რომ ჩვენ გვჭირდება, პოლიტიკურ დონეზე ავწიოთ ფორმატი, რუსეთთან უნდა იყოს მიტანილი გზავნილი, რომ ეს რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება და, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან, რუსეთთან თავიანთი ურთიერთობა ამ კუთხით გააქტიურონ.

ჩვენი მხრიდან გრძელდება პოლიტიკა, რომელიც შარშან დაიწყო, რომ გავაძლიეროთ ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, არ დავკარგოთ კავშირები, მაგრამ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი. გრძელვადიანი პოლიტიკა ნიშნავს, რომ ეს რეალობა უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ საქართველოს არ შეუძლია და საჭიროა პარტნიორების დახმარება.

ამის ძალა ჩვენ მარტო არ გაგვაჩნია, ეს არის დამოკიდებული იმ პოლიტიკური დონის დიალოგსა და დარწმუნებაზე, რომელიც მხოლოდ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს შეუძლიათ დღევანდელ რუსეთთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.