საზოგადოება
2019 წელს დაგეგმილია 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მლრდ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათზე“ გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება.

„2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება. 2019 წელს დაგეგმილია 20%-იანი ზრდა და 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვისებამ 1 მლრდ 662 მლნ ლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წლის განმავლობაში დასრულდა და მიმდინარეობდა 1200-ზე მეტი პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში. საქვეუწყებო დაწესებულებების მიხედვით, გაერთიანებული წყლის კომპანიის ბიუჯეტი 31%-ით არის გაზრდილი და წელს 218 მლნ ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსება გაზრდილია 46%-ით და 400 მლნ ლარზე მეტია. ყველაზე მოცულობითია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი და 1,302 მლნ ლარს უტოლდება, გასამმაგებულია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ბიუჯეტი და წელს იგი 39 მლნ ლარია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.