სამართალი
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმართება

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმართება.

პრაღის მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგია, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს. მხარეები შეხვედრებზე, ტრადიციულად, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

ჩვენ ჩვენი დღის განრიგი გვაქვს, ძირითადად ესაა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხები, ზოგიერთი ჰუმანიტარული პრობლემა. ვისაუბრებთ ასევე საბაჟო ადმინისტრირების შესახებ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაციაზე", – განუცხადა აბაშიძემ „Sputnik-საქართველოს".

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, კონკრეტულად კი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.