საზოგადოება
რატომ აზიარეს „ციანიდის საქმეზე“ 9 წლით პატიმრობამისჯილი დეკანოზი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინსულტი დაემართა? - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. „დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქამდე არცერთი მღვდელმსახური არ აზიარებდა, რადგან მისი აღსარებიდან მაღალ იერარქთა არაერთ მძიმე დანაშაულს შეიტყობდა და მერე მაზიარებელი არჩევანის წინაშე უნდა დამდგარიყო: ან გაეცა აღსარების საიდუმლო და, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ეცნობებინა, ან ღვთის მორჩილ მღვდელმსახურად დარჩენილიყო და დასჯილიყო კიდეც, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაგრამ დეკანოზის მაზიარებელ მამა ნიკოლოზს, რომელიც ბათუმიდან სპეციალურად ჩამოვიდა, საფრთხე არ ემუქრება - გიორგი მამალაძე, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში აღსარებისას „არც მიწისა და არც ცისა“ იყო, არანაირ საიდუმლოს არ ამჟღავნებდა, მარტო მონანიებას გამოხატავდა უფლისგან მიტევების იმედით! და თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე, ღვთის წყალობით, გამოჯანმრთელდა, უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, სიმართლეს იტყვის, ნახევრად სიმართლეს თუ სულაც - ტყუილს! მთავარია საქართველოში არცთუ დიდი ხნის წინათ დანერგილი დასავლური თუ ბოლშევიკური ფასეულობები, რომლებიც მოძღვარსაც კი არჩევანის წინაშე აყენებს - მოიქცეს პავლიკ მოროზოვის მსგავსად და უფლის სამსჯავროსი არ ეშინოდეს თუ იმ მიწიერი სასამართლოს წინაშე წარდგეს, სადაც მას უდავოდ დასჯის უვადოდ არჩეული „უზენაესი“ მურუსიძე!“, -

განაცხადა თავის კომენტარში გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

“დეკანოზი გიორგი მამალაძე ეზიარა“, - ამის შესახებ მამა ნიკოლოზმა (გიგატაძემ) ჟურნალისტებს გასულ შაბათს ღუდუშაურის კლინიკის დატოვებისას განუცხადა.

მამა გიორგი ორშაბათს უნდა მეზიარებინა, თუმცა მისი მდგომარეობის გამო გადავწყვიტე, რომ დღეს ჩამოვსულიყავი, ვიმედოვნებ, რომ ის მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მას მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული. დანარჩენი რაზეც ვისაუბრეთ, აღსარების საიდუმლოა და ამაზე საუბარი არ შემიძლია“, - განაცხადა მამა ნიკოლოზმა. მსჯავრდებული შეუძლოდ 15 თებერვალს გვიან ღამით გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადაწყვეტილებით ის მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

2017 წლის 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში ორი წლის წინ - 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.