პოლიტიკა
ნატოში აშშ-ის ელჩი: საქართველო ნატოს ნაწილია და ერთ დღეს ის ნატოს წევრი გახდება

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი, ვიცით, რამდენი რეფორმა გაატარა საქართველომ, – ამის შესახებ ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ქეი ბეილი ჰატჩისონმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში არის დემოკრატია, დაცულია კანონის უზენაესობა, ქვეყანა პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რასაც ყველა აღიარებს.

ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს მიმართ. ვიცით, რამდენი რეფორმა გაატარა საქართველომ. საქართველოში დემოკრატიაა, ქვეყანა პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, დაცულია კანონის უზენაესობა. ვფიქრობ, ამას ყველა აღიარებს და ეს არის საქართველოს სტატუსი გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ“, – აღნიშნა ქეი ბეილი ჰატჩისონმა.

ელჩის თქმით, საქართველო ნატოს ნაწილია, როგორც პარტნიორი და ის გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველოს მიმართ არის საოცრად პოზიტიური განწყობა, რომ განვაგრძოთ თანამშრომლობა ამ სტატუსით. საქართველო ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია და ნატოს ნაწილია, როგორც პარტნიორი ჩვენს მისიებში და წვლილის შემტანი უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი რომელიმე მოკავშირე. ჩვენ ვაღიარებთ ამას, მოხარული ვართ ამ წვლილით და იმედი გვაქვს, ყოველთვის ახლოს ვიქნებით“, – განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოში აშშ-ის ელჩმა.