საზოგადოება
სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები რუსეთის მორიგი პროვოკაციაა, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა, სხვა საკითხებთან ერთად, 10 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზეც განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, რომელსაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამას ადასტურებს ეუთო- თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკის საქართველოში ვიზიტი. 10 თებერვალს ეუთო- მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.