პოლიტიკა
სუს-ი: ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს, – ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ერგნეთში“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე უკვე დამონტაჟებულია რკინის კონსტრუქცია, ასევე მიტანილია რკინის ჯიხური.