უცხოეთი
კარლ ჰარცელი - ევროკავშირის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და მკაფიოა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდში“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის ინტერვიუთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ასევე ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

„როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის პოზიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ეს პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ასე განვაგრძობთ, ამ პოზიციაზე მტკიცედ ვიდგებით. ჩართული ვიქნებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ისევე, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გერმანული გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ ყაზბეგი „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს. ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა და ადრე თუ გვიან ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება“.

„ნოიეს დოიჩლანდში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს შესახებ გერმანიაში საქართველოს საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნოიეს დოიჩლანდი“ (Neues Deutschland) დაბალტირაჟიანი მედიასაშუალებაა. სხვადასხვა უწყების მიერ (Bundeszentrale für politische Bildung, Bundesamt für Verfassungsschutz) მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას. ასევე გაზეთის სტატიები რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით გამოირჩევა.

ამასთან, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ დიმიტრი მედოევის ინტერვიუ მისი აბსურდულობიდან გამომდინარე, ფართო ტირაჟირებასა და ზედმეტ ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს.

1tv.ge