უცხოეთი
როს უილსონი - ვენესუელასთან დაკავშირებით საქართველო იყო ერთ-ერთი უპირველესი, რომელმაც თამამი გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომელმაც 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სატელეფონო საუბარი შეაფასა.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

„მოგეხსენებათ, ჯონ ბოლტონი დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ. ის თქვენს ქვეყანას გასული წლის ოქტომბერში ეწვია. მან შეიტყო სიახლე საქართველოს მიერ ვენესუელის ახალი გარდამავალი პრეზიდენტის მხარდაჭერის შესახებ და საჭიროდ ჩათვალა დაერეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და მადლობა გადაეხადა მისთვის, რადგან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი თუ არა უპირველესი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო სხვა საკითხებს. ფართოდ განიხილეს ურთიერთთანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რასაც ძალიან დადებითად ვაფასებ“, – განაცხადა როს უილსონმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომენტარი როს უილსონმა გუშინ, 30 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ასევე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.

1tv.ge