აქტუალური
NDI: გამოკითხულთა 71 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში გამოკითხულთა 71% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული. 19% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 10% აცხადებს, რომ არ იცის. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

გამოკითხულთა 55% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა წინ წამოსწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. აღნიშნულ მოსაზრებას მხოლოდ 33% ეთანხმება, ხოლო 12% აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 57% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი უფრო ეფექტიანად და ორგანიზებულად საქმიანობს. მოსაზრებას მხოლოდ 29% ეთანხმება.

გამოკითხულთა 54% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწია მთავრობას (სამინისტროებს) მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. 28% აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება, ხოლო 18% აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 63% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება. მოსაზრებას მხოლოდ 23% ეთანხმება.

გამოკითხულთა 45% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ მისნაირი ადამიანების შეხედულებებს. 51% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

57% არ ეთანხმება მოსაზრებას – რომ უნდოდეს, ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას. მხოლოდ 35% აცხადებს, რომ შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა.

რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობაში ჩართულობას, გამოკითხულთა 93% არ დასწრებია პარლამენტის ან პარლამენტის წევრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას. მოთხოვნით არ მიუმართავს პარლამენტისთვის ან პარლამენტის წევრისთვის გამოკითხულთა 97%-ს. კანონმდებლობაზე კომენტარი არ გაუკეთებია 97%-ს. საპარლამენტო კომიტეტის სხდომას არ დასწრებია გამოკითხულთა 98%.

კვლევის საველე სამუშაოები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1 პროცენტი.