საზოგადოება
NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად სააკაშვილის ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. NDI-ს მიერ გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ "რუსთავი 2" ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 37% ფიქრობს, რომ ზოგჯერ ავრცელებს დეზინფორმაციას, 12% ფიქრობს, რომ "რუსთავი 2" არასდროს ავრცელებს დეზინფორმაციას, 26%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე, ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", გამოკითხულთა 10% ამბობს, რომ "იმედი" ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 46% - ზოგჯერ, 17% - არასდროს, 26%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე.

კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, გამოკითხულთა 66% "იმედის" მაყურებელია.

კვლევის მიხედვით 61% უყურებს "რუსთავი 2"-, "TV პირველს" - 39%, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 34%, "მაესტროს" - 22%, "ობიექტივს" - 22%, "კავკასიას" - 17%, "აჭარის ტელევიზიას" - 17%, "პალიტრა TV-ს - 17%.

კითხვაზე "რამდენად ენდობით ან არ ენდობით მიმდინარე მოვლენებისა და ახალი ამბების გაშუქებას შემდეგ სატელევიზიო არხებზე" - გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ "სრულად ენდობა" ტელეიმედის ინფორმაციას, 21%- ენდობა, 44% - ნეიტრალური, 14% - არ ენდობა, 6% - საერთოდ არ ენდობა, 10%-მა - არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოჰკითხა. ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

NDI-ს საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.