აქტუალური
საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - ლევან იზორია

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ფარგლებში საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, – ამის შესახებ მედიასთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაიწყო შვეულმფრენების მოდერნიზება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი გამოიყო.

მოდერნიზებული ტიპის შვიდი შვეულმფრენი იქნება, რაც ჩვენს საჰაერო თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო განავითარებს. ამასთან, წელს ძირითადად მართვისა და კონტროლის თავდაცვითი საჰაერო სისტემების შეძენას დაეთმობა ყურადღება და აღნიშნული ტიპის სისტემებს ფრანგული მხარისგან შევიძენთ“, – განუცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, აგრეთვე, რომ გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეთა ოდენობა, რომლებიც გაუმჯობესებულ სახელფასო უზრუნველყოფას მიიღებენ.

მისი თქმით, სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აღნიშნული პოლიტიკა 2016 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ინტენსიური ხასიათი 2018 წელს მიიღო და უფრო გაფართოვდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც გაუმჯობესებულ ხელფასებს მიიღებს 2019-2020 წლებში. მხოლოდ წელს მათი რაოდენობა ჯამში 7000-ზე მეტი იქნება. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს, წოდებებიდან გამომდინარე. თუმცა ამ დანაყოფებთან ერთად, სხვა დანაყოფებიც მიიღებენ ახალ სახელფასო უზრუნველყოფას“, – განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, უწყებას აქვს ამბიცია, თავდაცვის ძალები მთლიანად მოიცვას და ამ პრინციპის საფუძველზე ყველა სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდეს გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ახალი პროექტის მინისტრის პირისპირ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.