უცხოეთი
ნიკოლას მადურომ აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ნიკოლას მადურომ აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა. ეს განცხადება მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ხუან გუაიდო აღიარა.

„ჩვენ საკმარისი ინტერვენციონიზმი ვიხილეთ! აქ ჩვენ ღირსება გვაქვს!“, – განაცხადა ვენესუელის ლიდერმა, რომლის მეორე ვადით არჩევას აშშ-ი, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ნაწილი „არალეგიტიმურს“ უწოდებს.

მიუხედავად მადუროს მოთხოვნისა, აშშ-მა ვენესუელიდან დიპლომატების გაწვევაზე უარი თქვა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, მადუროს აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის უფლებამოსილება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე ხუან გუაიდომ საკუთარი თავის ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

ვენესუელელი უფლებადამცველების ცნობით, გუშინ გამართული აქციების დროს ვენესუელის დედაქალაქში 13 ადამიანი მოკლეს.

1tv.ge