პოლიტიკა
ამერიკული ხომალდის Donald Cook-ის ბათუმში ვიზიტის მიზანია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გადადგომისგან დაიცვას?

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ამერიკული ხომალდის ვიზიტი გამოხატავს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც ლევან იზორია ახორციელებს, – ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რო უილსონმა ბათუმში, ამერიკულ ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე გააკეთა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როს უილსონმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამ ვიზიტის მიზანია, გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელიც სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას მეზობელი ქვეყნის მხრიდან და აჩვენოს სამხედრო სფეროში ამერიკის მხარდაჭერა, ასევე განაგრძოს თანამშრომლობა მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფომების მხარდასაჭერად, რომლებსაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მისი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური ახორციელებენ და მიზნად საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით და Donald Cook-ის საქართველოში ვიზიტით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი დონალდ კუკი საქართველოში მეორედ იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში.

„დონალდ კუკი“ არლი ბიორკის კლასის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია მართვადი რაკეტებით.