პოლიტიკა
მეუფე პეტრე წერილობით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მეუფე სპირიდონი ბევრჯერ დამსახურებულად იყო მხილებული

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. "თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია, გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული. ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი, თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ", - აცხადებს მეუფე პეტრე და "ციანიდის საქმეზე" საუბრისას ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე „უსამართლობის და უზნეობის" მსხვერპლია.

თქვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ. მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს, ხმა აღვიმაღლო ამ უსამართლობის, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ, თითქოს, სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. ეჭვი მიჩნდება, რომ სინდისის ხმას არასოდეს აყოლილხართ ან არ შეუწუხებიხართ და არ განგიცდიათ სინდისის ზეწოლა ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.

და რა დოზითაც ჩაერიეთ 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის შიდა საქმეებში, როგორც ჩანს, ეს არ იყო არც რწმენით, არც სინდისის ხმით ნაკარნახევი და არც ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული. ეჭვი მაქვს, რომ სინდისი, როგორც პატარა ღმერთი, არ გაგაჩნიათ. ამიტომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას, სინდისის გარეშე კი ადამიანი ნამდვილად არის ცოცხალ-მკვდარი", - აღნიშნულია მეუფე პეტრეს წერილობით განცხადებაში.