პოლიტიკა
საქართველო ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას და მასთან დაკავშირებული სარგებლის მიღებას განაგრძობს - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველო სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას არ აპირებს და, ბუნებრივია, განვაგრძობთ იმ სარგებლის მიღებას, რაც დაკავშირებულია ამ ფუნქციის შესრულებასთან, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაზპრომთან სატრანზიტო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს იღებს სატრანზიტო ფუნქციიდან, რაც ქვეყნის ინტერესშია და იმ შემთხვევაში, თუ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გაფორმდება, ეკონომიკის სამინისტრო მას საზოგადოებას დეტალურად გააცნობს.

მამუკა ბახტაძე ამ თემაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოლოდინებსაც გამოეხმაურა.

რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, მე ყოველთვის შინაარსობრივ მხარეზე ვამახვილებ ყურადღებას და თუ გნებავთ, პოლიტიკურზეც გავამახვილებ. იგივე პოლიტიკური გუნდი, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნისას საუბრობდა, თითქოს მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა. ვცდილობ, ჩემი პასუხი იყოს შინაარსობრივი, ისეთი, როგორიც აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველო განაგრძობს ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას და იმ სარგებლის მიღებას, რაც ამ ფუნქციასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.