საზოგადოება
მე ვარ არა პოლიტიკოსი, არამედ პრეზიდენტი, ამიტომ უფლება არ მაქვს, ხელისუფლებას რჩევები და რეკომენდაციები მივცე! - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. სასამართლოს რეფორმა, სასამართლოს ნდობა არის ჩვენი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში ჩვენი მომავლის საწინდარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სასამართლოს მიმართ უნდა არსებობდეს ნდობა არა მხოლოდ ქართველი საზოგადოების, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.

ჩვენ ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ არსებული რეფორმის მეოთხე სტადიაზე და სწორედ ეს არის, რაც განაპირობებს ჩვენი შემდეგი თაობების მომავალს. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოს დიდი ყურადღებით ამ პროცესის მიმართ, თუ რა სისწრაფით იქნება შემოტანილი რეფორმის მეოთხე ეტაპი, როგორ განვითარდება და როგორ ეკიდება საზოგადოება ამ რეფორმას. ამ კუთხით მე არა ვარ არც ინდეფერენტული, არც ნეიტრალური, ვარ დიდი მომხრე ამ რეფორმის და ვიქნები ბოლომდე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საკუთარ შეხედულებებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ მისგან მიუღებელი იქნება, რომ რომელიმე მოსამართლეზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ჩემგან მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც თქვენ შეიძლება იცით და ბევრმა სხვა საზოგადოებაში. როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია, არც იმის მიმართ, როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც შეადგენს ხვალ უზენაეს სასამართლოს. ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს, ამდენად მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მივესალმები, რომ ეს პროცესი გადატანილია სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ, რომ ეს ამ პროცესში ჩართულებს მისცემს დროს, რათა გაიაზრონ კრიტერიუმები, ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცესის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.