საზოგადოება
რუხის საავადმყოფოს რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, განაცხადა საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა პირველ პრესკონფერენციაზე

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სოფელ რუხის საავადმყოფო რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოქმედდეს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მისი პრეზიდენტობის პირველი სამი კვირა შეაჯამა და განხორციელებულ აქტივობებზეც ილაპარაკა.

მისი თქმით, დაწყებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია, ასევე გრძელდება ორბელიანების სასახლის რემონტი და კომპლექტდება გუნდი.

პრეზიდენტის თქმით, უკვე დაიწყო რეგიონებში გასვლაც.

დავიწყეთ რეგიონებში გასვლა და როგორც იცით, პირველი გასვლა იყო სამეგრელოში, ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელიც გადატანილი იქნა თბილისიდან ზუგდიდში. მეორე მხრივ, ვიყავით ენგურის ხიდზე. რაც ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი, რუხის საავადმყოფოს დასათვალიერებლად ვიყავი, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. მიმაჩნია, რომ ეს უთუოდ ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ჩქარა ამოქმედდეს, რადგან რეგიონისთვის ძალიან საჭიროა, ასევე ნდობის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი სრული და სწრაფი ამოქმედება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა.