აქტუალური
შარშან კონკრეტული დეპუტატები აღმოჩნდნენ პოლიტსაბჭოს მიღმა, რადგან გარკვეული წესები დაარღვიეს, დღეს გვაქვს იგივე მოცემულობა - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. კონკრეტული დეპუტატები შარშან აღმოჩნდნენ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს მიღმა იმის გამო, რომ გარკვეული წესები დაარღვიეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოცემულობა დღესაც იგივეა, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საკითხი მოგვარებადია.

კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ მინდა. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც, მაგალითად, ტყუილი ითქვა, არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია, ყვებოდნენ, რა ხდებოდა კონკრეტულ შეხვედრებზე. რეალურად კი ტყუილი ითქვა, რაც წესების დარღვევაა.

შარშანაც იყო კონკრეტული სირთულეები და პრობლემები, მათ შორის გახსოვთ, რომ მაშინ იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებითაც. კონკრეტული დეპუტატები აღმოჩნდნენ პოლიტსაბჭოს მიღმა სწორედ იმის გამო, რომ გარკვეული წესები დაარღვიეს. დღეს გვაქვს იგივე მოცემულობა, სასამართლოსთან არც მაშინ იყო და არც დღეს არის კავშირში ეს ყველაფერი, რაც უმრავლესობის შიგნით ხდება. პრობლემები რთული არ არის და მოგვარებადია“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გუნდის რღვევაზე ლაპარაკი აბსოლუტურად ზედმეტია.

შარშან ამაზე მეტი სირთულე იყო, ეს დასრულდა ერთი დეპუტატის გარიცხვით პარტიიდან, თუმცა ეს არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება, მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ერთეული შემთხვევებიქართული ოცნებისგუნდის რღვევას არ ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ გუნდის წინააღმდეგ წასვლას არავის ურჩევს.

შეკითხვაზე, არის თუ არა დეპუტატი ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: დღეს არასწორია რამე სანქციაზე, მით უმეტეს, გარიცხვაზე საუბარი, დღეს ჩვენ ვართ დიალოგის და დისკუსიის რეჟიმში“.