უცხოეთი
დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების ფონზე, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის დაწესებით იმუქრება

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების გამო შექმნილი უთანხმოების ფონზე, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის დაწესებით იმუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მას შეუძლია საგანგებო რეჟიმის დაწესებით მექსიკის საზღვარზე კედელი კონგრესის გვერდის ავლით ააშენოს.

თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნული საკითხის განსახილველად 4 იანვარს დემოკრატ კონგრესმენებს შეხვდა. პრეზიდენტმა მოლაპარაკებებს პროდუქტიული უწოდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერების წლებით გაგრძელებისთვის მზად არის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის ბიუჯეტში დამატებით ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. შედეგად ქვეყნის მთავრობას მუშაობა დროებით ნაწილობრივ შეჩერებული აქვს.

ე.წ. შათდაუნის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში დროებით მუშაობა შეჩერებული აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ასევე იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის დეპარტამენტებს. მათი თანამშრომლები იძულებით შვებულებაში იმყოფებიან.

1tv.ge