სამართალი
ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს ფორმირების საკითხს მივუბრუნდებით, კრიტერიუმები გაიწერება და მოსამართლეების სია განახლდება

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. უზენაესი სასამართლოს ფორმირების საკითხს მივუბრუნდებით, კრიტერიუმები გაიწერება და მოსამართლეების განახლებული სია იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს მათ შორის, რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები. იმ ფორმატშიც გვექნება ამ საკითხების განხილვა. პროცედურა და კრიტერიუმები გაიწერება. ამის შემდეგ მივუბრუნდებით უზენაესი სასამართლოს ფორმირების საკითხს. ჯერ პროცედურა და კრიტერიუმები გაიწერება და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია.

ჩვენთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიღწევა. თქვენ გახსოვთ, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში რა მდგომარეობა იყო. სასამართლო დამოუკიდებელია. სასამართლო შემადგენლობის ჩამოყალიბება არის არსებითად დამოკიდებულია მართლმსაჯულების სისტემაზე. ამაზე პასუხისმგებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, გარდა უზენაესი სასამართლოსი, სადაც ამ პროცესში საქართველოს პარლამენტიცაა ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 2012 წელს ამოცანა სისტემის გაჯანსაღება იყო, რაც მიღწეულია.

„გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, იქნება ეს გამამართლებელი განაჩენები, წინასწარი პატიმრების მაჩვენებლები, გირაო, ჯარიმები და ა.შ. არის არა ორმაგი და სამმაგი პროგრესი, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ათმაგი და ასმაგი პროგრესიც კი. ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკა და ციფრები არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდის და ადამიანის უფლებები არის 10-ჯერ მეტად დაცული სასამართლო სისტემის მიერ, ვიდრე ეს უზრუნველყოფილი იყო 2012 წლამდე.

ეს ფუნდამენტური წინსვლაა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ჩვენ. რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ არა მარტო მიღწეული, არამედ კიდევ უფრო განვამტკიცოთ და უფრო ჯანსაღი გავხადოთ სასამართლო სისტემა. ეს რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში მიღწეული იქნება, რომელიც ამჟამად ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1tv.ge