სამართალი
გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებზე სრული სურათის აღდგენა - ნინო ლომჯარია

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებზე სრული სურათის აღდგენა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები წარმოადგინა.

მისი თქმით, პროკურატურამ ვერ შეძლო არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დამნაშავე პირების, დანაშაულის ორგანიზატორების, აღმსრულებლის, დამხმარის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.

სამწუხაროდ, საქმეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული, ან არასრულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. გამსახურდიას ცხედარზე ქართულ მხარეს არ ჩაუტარებია სამედიცინო და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, შესაბამისად, არ არის უტყუარად დადგენილი მის სხეულზე არსებული, მათ შორის თავზე დაზიანებების რაოდენობა, მათი ხანდაზმულობა და წარმოშობის მექანიზმები. ასევე დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც მაღალი ალბათობით შეეძლო დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, 16-ტომიან საქმეში ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება დაუზუსტებელია, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც საქმეში დევს, არის თუ არა ის, რომლითაც გასროლა განხორციელდა.

ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, შესაძლო მკვლელობის ფაქტზე ძიება გაგრძელდეს და შემოწმდეს დაზარალებული მხარის ყველა ვერსია.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, ამ ეტაპზე არსებული მასალებით კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება შეუძლებელია, რადგან რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.