უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ერდოღანმა დამარწმუნა, რომ ამოძირკვავს ყველაფერს, რაც სირიაში „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნა, რომ სირიაში გაანადგურებს იმას, რაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთმნიშვნელოვნად შემატყობინა, რომ ამოძირკვავს ყველაფერ იმას, რაც სირიაში „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. ერდოღანი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება. ამას დამატებული, თურქეთი მეზობლად არის სირიასთან. ჩვენი სამხედროები სახლში ბრუნდებიან!“ - დაწერა ამერიკის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

interpressnews.ge