სამართალი
ოპოზიციამ მოახდინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დისკრედიტება, რადგან ხორავას ქუჩის საქმეზე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია - გიორგი გახარია

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. სამოხელეო გადაცდომებზე როგორც კი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყება, მზად ვარ, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია იყო, დაედგინა, იყო თუ არა სამოხელეო გადაცდომები, თუმცა, გახარიას თქმით, კომისიამ ეს ვერ დაადასტურა.

დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და იქონია თუ არა ამან საბოლოო შედეგზე გავლენა. აქედან გამომდინარე, მზად ვარ, როგორც კი სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყება, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. ისევე, როგორც თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ პასუხისმგებლობები, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიას ჰქონდა და რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მას აშკარად დაედასტურებინა, იყო თუ არა სამოხელეო გადაცდომა. კომისიამ ეს, ფაქტობრივად, ვერ დაადასტურა.

თქვენ მოახდინეთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება, რადგან ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეთ და იმის მაგივრად, რომ შედეგისთვის მიგეღწიათ, დაიწყეთ პოლიტიკური სპეკულაცია. ეს არის ჩემი პოზიცია, რომელსაც ვერ გადამათქმევინებთ. და ან თქვენთან ერთად წავიკითხოთ დასკვნა, რომელიც მოამზადეთ თქვენ ან მიიღო პარლამენტმა. ამის შემდეგ განვსაზღვროთ, რა იყო იმ დასკვნაში ახალი ან ფაქტობრივად დადასტურებული და ამაზე ვისაუბროთ ობიექტურად.

არასდროს გვქონია არანაირი პრობლემა, რომ თქვენს დასკვნაში არსებული თითოეული პუნქტის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა ან შესრულებაზე დისკომფორტი გვქონოდა. ნაწილობრივ ეს ყველაფერი არის შესრულებული და დანარჩენი ყველაფერი შესრულდება. როგორც კი კომისია შეიქმნა და იმუშავა, როგორც იმუშავა, ამ თემაზე პასუხისმგებლობა გვაქვს საერთო და ეს არის ჩემი ღია პოზიცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.