პოლიტიკა
საქართველოს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები აქვს, მაგრამ რუსეთს არ სურს მათი აღიარება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მასში ასახული ძირითადი ცვლილებები იყო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრესი კანონის ახალ რედაქციაში ბევრი ნორმაა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობით და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდა.

როგორც ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობების შესახებ თქვა, საქართველომ 2012 წლის შემდეგ მეზობელთან გარკვეულ პროგრესს მიაღწია, რაც ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებს უკავშირდება, თუმცა კობახიძე დასძენს, რომ ეს პროგრესი ნულის ტოლია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო რთული გახდა ცხოვრება.

"ჩვენ ძალიან მკაფიო წითელი ხაზები გვაქვს და რუსეთს არ სურს მათი აღიარება. ისინი ეხება ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ეს წითელი ხაზები ასევე დაკავშირებულია ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. გლობალურ მოვლენებზე ბევრია დამოკიდებული", - განაცხადა კობახიძემ.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ესტონეთში ვიზიტს აგრძელებს. დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი შედიან.