პოლიტიკა
„საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა“ – გრიგორი კარასინი

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მტრული რიტორიკა არ შეცვლილა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტის“ ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ განუცხადა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვიმედოვნებდით, რომ ამის შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა. პირდაპირ ვიტყვი, ეს იმედები სრულებით არ გამართლდა. საქართველოს ახალი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია კვლავინდებურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების, რუსეთის ოკუპაციასა და 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობაში დადანაშაულების პრინციპებზე დგას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის დელეგაციებს მოუწიათ, შეეხსენებინათ თბილისისთვის იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასული 10 წლის განმავლობაში განხორციელდა.

კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვადასხვა პროექტების რეალიზაციის შესახებ.

გრიგორი კარასინი აცხადებს, აგრეთვე, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის შეურიგებელი პოზიციის გამო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა უმოქმედოა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხეებს, რომელიც მისი თქმით, დაკავშირებულია აშშ-ისა და ნატოს აქტივობის ზრდასთან.

პირველ რიგში, საუბარია ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციაზე, 2019 წლის შუა პერიოდისთვის, ნატოს მასშტაბური სწავლებისთვის მზადებაზე, თითქმის 30-მდე ქვეყნის ქვედანაყოფის მონაწილეობით. ამას გარდა, საქართველო კასპიის ზღვისა და ცენტრალურ აზიის გავლით ავღანეთში სამხედრო ტრანზიტის სახიფათო სტრატეგიული რგოლი გახდა. ამის შესახებ ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, მათ შორის ამერიკელებთან ცალკე შეხვედრის დროს“, – აღნიშნა კარასინმა.