საზოგადოება
The Sunday Times (დიდი ბრიტანეთი): სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ მტაცებელ რუსეთს შეაკავებს

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ ვრცელ სტატიას The Sunday Times აქვეყნებს. სტატიის ავტორის თქმით, საქართველომ იმდენად დააფასა პარიზში დაბადებული და გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი, რომ მან უარი თქვა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურზე და საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

"ახლა მან კიდევ უფრო წინ გადადგა ნაბიჯი: ის შემდეგ კვირას საქართველოს პრეზიდენტის ფიცს დადებს. პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს, გასაგებია, რომ ნერვიულობს, რადგან უნდა გაუძღვეს ქვეყანას, რომლის ძალადობრივი წარსულიც შოკისმომგვრელ სტატისტიკას მოიცავს: თბილისი მისი ისტორიის განმავლობაში 26-ჯერ გადაწვეს", - წერს გამოცემა და ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს ციტირებს.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიულად ირგვლივ ყოველთვის "რთული მეზობლები ჰყავდა. ის ყოველთვის იყო ძლიერ სახელმწიფოთა შორის მოქცეული: ბიზანტიის იმპერია, ოსმალეთის იმპერია, სპარსეთი", - ამბობს ზურაბიშვილი.

სტატიის ავტორი კი წერს, რომ დღეს საქართველოს კრემლის სახით ჰყავს საფრთხე. აქვე სტატიაში წერია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს სალომე ზურაბიშვილმა კრემლთან წარმატებას მიაღწია საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხზე მოლაპარაკებებში.

როგორც სალომე ზურაბიშვილი The Sunday Times-სთან ინტერვიუში ამბობს, რუსეთი მისთვის ერთ-ერთი წითელი ხაზია. ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქნება და მცდელობა, რომ არ ჩავარდეს ქვეყანა კვლავ რუსეთის ხელში.

ამის შემდეგ სტატის ავტორი სალომე ზურაბიშვილის დიდი ბებიისა და პაპის შესახებ წერს, რომლებიც, ავტორის თქმით, არისტოკრატები იყვნენ და იძულებული გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ. სტატიაში მოთხრობილია სალომე ზურაბიშვილის ბავშვობის შესახებ, რასაც მოსდევს ისტორია საქართველოში მისი პირველი ვიზიტის შესახებ. სტატიის ავტორი ასევე წერს, თუ როდის ჩამოვიდა სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრად სამუშაოდ.

სტატიაში სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შესახებაც პასუხობს შეკითხვას და ამბობს, რომ ცერემონიაზე მან ბევრი ფრანგი დიპლომატი კოლეგა მიიწვია.

სტატიაში ასევე წერია წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. როგორც სტატიის ავტორი ამბობს, მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის ანტირუსული დამოკიდებულებებისა, "ოპონენტებმა მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც პრორუსული ეძახეს", - წერს სტატიის ავტორი და აქვე მოჰყავს სალომე ზურაბიშვილის ციტატაც:

"საქართველოში თუ პოლიტიკოსებს სურთ, რომ მოწინააღმდეგეს დაარტყან, მას პრორუსულობას აბრალებენ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს:

"მე არასდროს გავაკეთებ ისეთს არაფერს, რომ ჩემი ქვეყანა დაბრუნდეს იმ დროში, როდესაც ჩემი წინაპრები იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ".

სტატიის ავტორი საქართველოს ისტორიაში არსებულ "ოქროს ხანასაც" ახსენებს, როდესაც ქვეყანას ქალი მართავდა, რაზეც ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას არ სურს თავი თამარ მეფეს შეადაროს:"მაგრამ ბევრი ქართველისთვის ეს კავშირი არსებობს", - ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილ პრეზიდენტის ფიცს თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დადებს.