სამართალი
8-დან 11-მდე - პრეზიდენტ მარგველაშვილის მეორე მეუღლის პირველი ქორწინებიდან ქალიშვილის სამოქალაქო ქმარი განაჩენს ციხეში დაელოდება

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს მინდია გოგოჭურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მინდია გოგოჭურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ, პროკურატურის ვერსიით კი არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა.

მინდია გოგოჭურს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ- 236- მუხლის მე-3 ნაწილით და 376- მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გოგოჭური ბრალს არ აღიარებს.

საქმის განხილვა წინა სასამართლო სხდომით 25 იანვარს გაგრძელდება.

მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა 5 დეკემბერს თბილისში დააკავეს გიორგი რაზმაძესთან ერთად, რომელიც პირის დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაშია ბრალდებული.

მინდია გოგოჭური პრეზიდენტ მარგველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას შვილის მაშო ჩიჩუას მეუღლეა.